,,კანონის უზენაესობაში არ ჩავერევით”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი კრიმინალებს მფარველობს. მისი თქმით, კანონის უზენაესობაში ჩარევა და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებების შეცვლის მოთხოვნა ევროპარლამენტარების მხრიდან დაუშვებელია.

„ნაციონალური მოძრაობის პირობებში მყოფ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების 0,6 პროცენტი იყო გამამართლებელი და მაშინ ამ ქვეყანას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა კი, როცა ეს მაჩვენებელი კარდინალურად შეცვლილია, სასამართლოში მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია, ბევრად თავისუფალი, დემოკრატიულია, ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა სასამართლოს პრობლემა ახლა დაინახეს და მაშინ ვერ ხედავდნენ. ამასაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საქმეებში ხედავენ, რომელთაც სასჯელი სამართლიანად მიესაჯათ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. რამდენიმე ევროპარლამენტარი მფარველობს კრიმინალებს. ცალკეული პარლამენტარები ან ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები ამას არ უნდა გთხოვდნენ, თუმცა ეს ხდება ხოლმე. ჩვენი ოპოზიცია ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე ახერხებს, რომ მათ ჩვენთვის კანონის უზენაესობაში ჩარევა და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევა მოათხოვინოს, რაც დაუშვებელია და არ უნდა გავაკეთოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ევროკავშირში ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები