„საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით”- გიორგი ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით,  შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკული მხარე ძალიან მძიმედ აღიქვამს  საქართველოში არსებულ ვითარებას.

„საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის ამერიკის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, გულწრფელი შეშფოთება, მეორე პირდაპირი კითხვა იყო ჩვენთანაც, როგორ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, როგორ დავაბრუნოთ საქართველო უკან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის განრიგში, ჩვენი მხრიდან იყო რამდენიმე მექანიზმზე საუბარი. პირველ რიგში საუბარი იყო ძალიან მკაფიო გზავნილებზე, რომელიც უნდა იყოს ამერიკის მხრიდან, მეორე, რაზეც უკვე ამერიკული მხარეც და ყველა მსჯელობს, არის ქვეყნისთვის დახმარების გამოყოფა გარკვეული პირობებით და ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, თუნდაც წინაპირობებით. იყო საუბარი მოსამართლეების სანქცირებაზე, ასევე საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებითაც. შეხვედრის დეტალებში ვერ შევალ, ამის უფლება არა მაქვს, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება. მათი მხრიდან ერთ-ერთი გზავნილი იყო კიდევ ის, რომ აშშ არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რათა საქართველოში იყოს მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა გიორგი  ვაშაძემ.

მსგავსი თემები