,,საქართველოში თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება”- ხატია დეკანოიძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით,  შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დერეკ შოლე დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებით.

„პირველი რაზეც იყო საუბარი, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, ძალიან დეტალურად ავუხსენით და იცოდა თავადაც, რამდენად მძიმე, პოლიტიკური და საქართველოში თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება პოლარიზაციის შესუსტება, როდესაც პირიქით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი არ მოიძებნოს. ვისაუბრეთ, რომ სამწუხაროდ საქართველოში არათუ დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება, არამედ პრაქტიკულად არც ერთი ინსტიტუტი არ არის, რომელიც არ არის უკვე ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. მთავარი გზავნილი იყო შემდეგი, რომ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები იქნებიან სულ ჩვენ გვერდით. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მათთან ერთად არ დავუშვებთ, რომ საქართველო გადაიხაროს რუსეთის ორბიტისკენ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“ , „დროას“, „რესპუბლიკური პარტიის“ და ასევე „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები