,,ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ რომ სცოდნოდათ, მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი Telegram არხზე საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ხშირად არ წერს მშობლიურ ქვეყანაზე, რადგან საქართველოში კარგი არაფერი ხდება.

,,ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე. არ მინდა ცუდზე ვწერო, კარგი სიახლეები კი ბოლო წლებში იქიდან არ ყოფილა. ან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველიც ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში, უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. “ქართული რუკის” გატეხვა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველომ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დააწესოს გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე გაგზავნეს.

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საკუთარ ფეხში გასროლა უწოდა”, – წერს კანდელაკი.

თინა კანდელაკი თავის განცხადებაში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდება. მისი თქმით, ურთიერთობის აღდგენის პირველი ნაბიჯი შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება იყოს.

,,იმედი მაქვს, ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან ვხედავ არა მხოლოდ მე, არამედ კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი და განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, თუ არ ვმეგობრობთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ: რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოს მოსანახულებლად; საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ რომ სცოდნოდათ, მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ”,- წერს კანდელაკი.

მსგავსი თემები