დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სომონიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ძირითადად ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული. მათ განსაკუთრებით შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არის არსებითად პოლიტიზებული, როგორ იმართება ის კლანის მხრიდან, როგორ არის ის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ისეთ საკითხებში, მაგალითად, როგორიც არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები, როგორ არის ის გამოყენებული მედიის წინააღმდეგ. ასევე, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საქმეზეც და მოტანილი იყო მაგალითად, თუ როგორ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, მართლმსაჯულების სისტემის და არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, საქართველოს გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრით სწორედაც იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ ვთქვათ, რომ არ აქვს ჩვენს ქვეყანას. დერეკ შოლეს განსაკუთრებული ინტერესი და შეკითხვები ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან რუსული გავლენების არსებობა ქვეყანაში“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

,,ეს არ არის განყენებული საქმე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მედიაგარემოსთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ებრძვის დღეს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არის უსაფუძვლოდ ციხეში, მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისთვის, რომ ის ჩაესვა ციხეში”,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მსგავსი თემები