“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებს, შესამოწმებლად, ფეხით მე-9 სართულზე ასვლა დაეზარათ“ – ადვოკატი

„დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ საქმის სწრაფად გამოძიებას, თუმცა, შეიმჩნევა ტენდენციები, რომ სამშენებლო კომპანიაზე მოხდეს პრობლემის გადატეხვა, რაც ნიშნავს, რომ გამოძიება უპასუხისმგებლო და არაობიექტური იქნება“ – ამის შესახებ მშენებელი კომპანიისა და დაზარალებულების უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება, რომ თითქოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდა სამშენებლო კომპანიას და არა “ყაზტრანსგაზს.” ეს იქნება უპასუხისმგებლო და არაობიექტური გამოძიება. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. დავადასტურებ, რომ გრიგოლ ჭანტურია (მშენებელი) ორჯერ იქნა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში და გამომძიებლებს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც უკავშირდება საინჟინრო თუ სამშენებლო საკითხებს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ძალიან მალე მოხდეს გამოძიება და დადგენა, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ფაქტი ერთია, რომ არის მსხვერპლი, შედეგი არის შემაძრწუნებელი. რეაგირებას ითხოვენ თავად დაზარალებულები. მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ მიეცეს პასუხისგებაში „ყაზტრანსგაზი,“ როგორც მომხდარი დანაშაულის ჩამდენი.“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დაზარალებულების უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი“ პასუხისმგებლობას თავს არიდებს. მისივე თქმით, მართალია, საგამოძიებო ორგანოებს ჯერჯერობით არ დაუდგენია, კონკრეტულად რა ქმედება განხორციელდა, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა და უკვე მომხდარი ფაქტის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განხორციელდა დანაშაული, რასაც მოჰყვა საზარელი შედეგი.

„როდესაც დამკვეთი ქირაობს კომპანიას, ამ შემთხვევაში, „ყაზტრანსგაზს“, ის თავისი ტექნიკური აღჭურვილობით მიდის და ქსელავს ობიექტს, რაშიც მის გარდა არავინ ერევა. კომპანია თვითონ განსაზღვრავს, სად უნდა შეიყვანოს მილი, სად უნდა დაამონტაჟოს მრიცხველი და ა.შ. რაც მთავარია, დაქირავებულ შემსრულებელს უსაფრთხოებაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ეს ხელშეკრულებითაც ასეა და კონკრეტულ შემთხვევაშიც ორჯერ მოხდა მისი გამოძახება. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან კი, ადგილი ჰქონდა ცინიკურ დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ. ვითომდა „ექსპერტები“ მივიდნენ ადგილზე და ადამიანებს უთხრეს, თქვენ არაფერი არ იცითო. როცა ეუბნებოდნენ, კარგად შეამოწმეთო, კომპანიის წარმომადგენლებს დაეზარათ მე-9 სართულზე ასვლა, რომ შეემოწმებინათ, რეალურად რა ხდებოდა. ეს მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა გულგრილობას. ამიტომ პასუხისმგებლობა სასწრაფო წესით უნდა აიღოს „ყაზტრანსგაზმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებულები არ გაჩერდებიან და ჩვენც მზად ვართ ვიბრძოლოთ, რომ შემზარავი ტრაგედია სამართლებრივ ჩარჩოში ჩავსვათ“, -განაცხადა ლექსო კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები