,,გვარამიას საქმეს გავლენა არ ექნება გადაწყვეტილებაზე, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უნდა მიიღოს”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,საუბარი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მგონი, მართებული არ არის. თუ ვინმე ამ საქმეში ჩაიხედავს, კარგად გამოჩნდება, რომ არანაირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს,”– აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ვიდრე კონკრეტული ადამიანები საქმის მასალებს არ გაეცნობიან, მანამდე განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

„შეუძლებელია, განცხადება გააკეთო ამა თუ იმ საქმის მიკერძოებულობა-მიუკერძოებლობაზე, თუ საქმის დეტალები არ იცი. ამ საქმის დეტალები ბოლომდე არ ვიცი, რადგან წაკითხული არ მაქვს, შესაბამისად, თავს უფლებას ვერ მივცემ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაკრიტიკო ან მოვიწონო.

ეჭვი მეპარება, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ან წარმომადგენელია, ჰქონდეს ამ ვრცელი მოცულობის საქმეზე და დეტალურად იცნობდეს მასალებს. ამიტომ, ყველას მივუწოდებდი, განცხადებები გააკეთონ არა ზოგად აღქმებზე დაყრდნობით, არამედ ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე. ამ საქმეზე ეს ყველაფერი აღქმებზეა დაფუძნებული, რადგან ეჭვი მეპარება კონკრეტული საქმის მასალები ვინმეს თავიდან ბოლომდე ჰქონდეს წაკითხული, როგორც ეს მოსამართლემ ან პროკურორმა გააკეთეს.

ვწუხვარ, რომ გარკვეული განცხადებები არ არის ხოლმე მოყვანილი თანაფარდობაში სიმართლესთან, მათ შორის საელჩოების განცხადებებიც და ეს ყველაფერი აღქმებზე დაფუძნებული განცხადებებია. თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება აქვს, რომ ადგილი არ ჰქონდა შვიდი მილიონის გაფლანგვას და მოპარვას, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. იმაზე საუბარი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მგონი, ამის თქმა მართებული არ არის. თუ ვინმე ამ საქმეში ჩაიხედავს, კარგად გამოჩნდება, რომ არანაირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ამ საქმეს არანაირი გავლენა არ ექნება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უნდა მიიღოს. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე ცხრა ათასი პატიმარი გვყავს და მათ სასჯელი ისე მიუსაჯეს, რომ ამას არ იმსახურებდნენ? სააკაშვილისა და გვარამიას ქეისები მიკერძოვებულია და დანარჩენი 8 998 მიუკერძოვებელია? კრიტიკულ მედიას ხომ საფრთხე არ ემუქრება, საქმიანობას აგრძელებს. კარგია, რომ ერთი მედია ორგანიზაციის ინტერესებს იცავთ და მეორე მედიაკომპანიამ „რუსთავი 2“-მა რა დააშავა, რომელიც დაზარალდა? ერთი მედია უფრო მაღლა დგას, თუ როგორ არის? ერთი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეორე მედია, როგორ გავმიჯნოთ ეს საკითხი?“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები