,,შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა რუსთავი 2″- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა ,,რუსთავი 2″და დადგმებს ყველამ თავი უნდა დაანებოს.

„მგონია, რომ ტრაგედიებსა და დადგმებს უნდა შევეშვათ. თუ არგუმენტები აქვს, წარმოადგინოს. ბუნებრივია, საერთაშორისო გამოხმაურებები მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ეს 2017 წელს გამოვიარეთ. „რუსთავი 2“- ის თემაზე „ენჯეოშნიკების“, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლების, ფასიანი ლობისტების გზავნილები ამოიღეთ – ისინი დღევანდელ მესიჯებს ერთი-ერთში ემთხვევა, რადგან ამბობდნენ, რომ ეს იყო დემოკრატიის დასასრული, დიქტატურა მყარდებოდა, მედია აღარ არსებობდა. შემდეგ როგორც კი, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, არც ერთს ხმა აღარ ამოუღიათ და საერთოდ გაქრნენ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დასავლელი პარტნიორების მიერ, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს.

,,ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მივმართავ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, სენატორებს – თქვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა, ინდულგენცია იქნებოდა თუ არა ის რომ, ის არის ჟურნალისტი, მედიის ხელმძღვანელი, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე? – ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციით ცხოვრობს. გვინდა, ისეთი სახელმწიფო ვიყოთ, სადაც სტატუსი – ჟურნალისტი, დეპუტატი, მედიის წარმომადგენელი არაფერს ნიშნავს, როცა დანაშაული გაქვს ჩადენილი. ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს. ევროპასა და აშშ-ში მსგავსი არაერთი მაგალითია და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე? ჩემთვის კარლ ბილდტი კრიმინალია, რომელიც სააკაშვილისა და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში მათი ინტერესების ლობისტი იყო“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები