,,საბედნიეროდ საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ისაუბრა. ბორელის განცხადებით, ორივე ქვეყანა გრძნობს რუსეთის საფრთხეს და მათ მხარდასაჭერად შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„საქართველოსთვის ჩვენი გზავნილი ისეთივეა, როგორც ყოველთვის – ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რითიც შეგვიძლია, გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვიცით, რომ საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს და ჩვენ ვიქნებით მზად, მხარი დავუჭიროთ მათ ისე, როგორც ამას ვაკეთებდით უკრაინის შემთხვევაში. საბედნიეროდ საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის. ჩვენ ასევე ვიზიტით გვესტუმრებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი და განვიხილავთ უკრაინაში მიმდინარე ომის თემას. უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს. ომის შედეგები ამ მომენტისთვის არ შეესაბამება რუსეთის მოლოდინებს. რუსეთის არმიას უკრაინელები აჩერებენ და ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინელების მხარდაჭერა შეიარაღებით. სწორედ ამიტომ დავამტკიცებთ დამატებით 500 მილიონი ევროს დახმარება თავდაცვის ფონდიდან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები