„ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად მიიტაცა”- ირაკლი კობახიძე

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა”- ამის შესახებ,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ძარცვაში მონაწილეობდნენ, სასამართლოს წინაშე  პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან.

„გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდოიურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი – როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ,, რუსთავი 2” მიიტაცა.

,,ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „რუსთავი 2-ის“ მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები