,,ის სასამართლო, რომელმაც ნიკა გვარამია გაასამართლა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა”- ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი შეფასებით, ,,მთავარის არხის” დირექტორის დაპატიმრებით, მმართველი პარტია ცდილობს ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული ინტერესი შემცირდეს.

„ჩვენი მთავრობა ოქტომბერში ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის წყალობით დარჩა. ახლა კი, როდესაც მესამე პრეზიდენტის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა, მათ ცეცხლზე ნავთის დანთება იმ სიძულვილის და ნეგატივის გასაღვივებლად მოინდომეს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ხელისუფლება ამ ნაბიჯს მაშინ დგამს, როდესაც ქვეყნის მომავალი წყდება, ევროკავშირში შესასვლელად ფანჯარა გაიხსნა და როგორც იქნა, შუქი ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მწვანე აინთო. რატომ? ამის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით არ ვილაპარაკოთ, თუ რა ჩაწერეს და რა ფორმით იქნა მიწოდებული.

ისინი ფიქრობენ, რომ ცოტა დროს კიდევ გასტანენ, სანამ ეს საკითხები დღის წესრიგში იქნება. ეს არის ერთადერთი სტრატეგია, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენ დავივიწყოთ სხვა ყველა საკითხი, რაც გვაწუხებს. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს – ის სასამართლო, რომელმაც ნიკა გვარამია გაასამართლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. აქ არ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო. ამ სასამართლოს კლანი მართავს და ამ სისტემას მე თავიდანვე დავუპირისპირდი,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მსგავსი თემები