„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით საკითხი ეხება სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების – ტრანსპორტის მენეჯერის, მძღოლის და სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის, საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდული გადამზადების საკითხის მოწესრიგებას საკანონმდებლო დონეზე. ცვლილება საშუალებას მისცემს აღნიშნულ პირებს პროფესიული მომზადების ამაღლების მეშვეობით დააკმაყოფილონ ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნები.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი სწავლების და პერიოდული გადამზადების უფლებამოსილება ენიჭებათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სასწავლო ცენტრს. სწორედ ტრანსპორტის სააგენტო ანიჭებს საწყის კვალიფიკაციას სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

მსგავსი თემები