,,ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია”- ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან, ეს არის სიტუაცია,”- ამის შესახებ ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ლევან სილაგავას განმარტებით, წისქვილკომბინატების დახურვის მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან ისინი ხორბლის შემოტანას ვერ ახერხებენ.

,,წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე. თუ სწორი კონკურენციის პირობები დაბრუნდებოდა, ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სამიზნე ფასს, რასაც პურის მწარმოებლები იტყოდნენ, ჩვენ პირველი ხარისხის ფქვილს მივაწოდებდით,”- განაცხადა ლევან სილაგავამ.

ამასთან, ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, საზოგადოებაში გავრცელებული აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში  ფქვილის სახით მარაგი არის.

,,დაახლოებით სამი დღის წინ იყო ჩემი ინტერვიუ, როდესაც აღვწერეთ ბაზარზე სიტუაცია, წისქვილკომბინატების პრობლემები, მარაგების თემა და ის, რომ დღეს შემოდის ფქვილი და არ შემოდის ხორბალი. აქედან გამომდინარე, წისქვილკომბინატები ჩერდებიან. ასეთივე განცხადება გავაკეთეთ დაახლოებით 15-20 დღის წინ და მაშინ ვთქვით, რომ მარაგი იყო უფრო მეტი, დაახლოებით 20-25 დღის. ამის საქმის კურსში იყო მთავრობაც. შინაარსობრივად სტატია იყო სწორად, მაგრამ, სამწუხაროდ, სათაურში იყო გამოტანილი, რომ წისქვილკომბინატებში დარჩენილია 10 დღის მარაგი და წისქვილკომბინატები იხურება. აჟიოტაჟის შემდეგ განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ქვეყანაში ფქვილად არის მარაგები, ამას სამინისტრო უკეთებს მონიტორინგს,”- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

“ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოიწურა” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები