ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა, საქართველოს უმაღლესი ქულა კი უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთს მიაწერეს

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა.  გამარჯვებული ჯგუფი „Kalush Orchestra“ აღმოჩნდა სიმღერით „Stefania“. კონკურსს, რომელიც ამჯერად იტალიაში გაიმართა, მომავალ წელს სწორედ უკრაინა უმასპინძლებს.

რაც შეეხება მთავარ სკანდალს, საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებული სამეფოს გუნდმა მიიღო,  რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საქართველომ უმაღლესი შეფასება არა ბრიტანეთი, არამედ, უკრაინას მისცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით  ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება, პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. რა მოხდა რეალურად, დეტალების გარკვევა დაიწყო.

“ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას” – აღნიშულია განცხადებაში.

მსგავსი თემები