„ნაციონალური მოძრაობა უკვე დაშლილია, უბრალოდ, ჯერ არ იციან”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა სასამართლო დავა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს. მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა დროის გაყვანის ნაცვლად, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა უნდა აღიარონ.

„იმის შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენები კანონიერ ძალაში შევა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება. ეს ძალიან გამართული გზაა, უბრალოდ შუაში საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის.

როცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა, ირონიულად გვიყურებდნენ, ახლა კი, აღნიშნული მოთხოვნით თავად გზას კეტავენ. არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. არსებული სიტუაციით რისკავს ყველა, მათ შორის რისკავს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობითა და თავისუფლებით, ასევე რისკავს „ქართული ოცნება“ იმ თვალსაზრისით, რომ არავინ იცის, რა მოხდება, რადგან შექმნილ რეალობაში სააკაშვილი შეიძლება, მართლაც მძიმედ გახდეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები