„ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ანუ, ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს“- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

ბექა დავითულიანის განცხადებით, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, საკმარისი ხმა აიღოს ხელისუფლების შესაცვლელად.

„რისი მობილიზებაც უნდათ, გააკეთონ. საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ პოლიტიკურ ჟუნგლიორობის გამო ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც აქამდე. მათი პოლიტიკური აკრობატობა ასე დასრულდება. სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. ამ ნების ინსტრუმენტად განიხილავენ საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას, რაც იქნება მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ეს არასოდეს გამოსდით და ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიმხრო უცხოეთში პოლიტიკა და იმის იმედი გქონდეს, რომ დემოკრატიაში ასე იმუშავებ, ეს არის კოლონიალისტური აზროვნება, როცა ამომრჩეველს კი არ არწმუნებ, არამედ იმედი გაქვს უცხოელი პოლიტიკოსის, რომ ის სხვაგვარი ზეწოლით შეძლებს, გვერდი ხალხის ნებას აუარონ. უნდა გაიგონ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს. არ ვიცი, ნიკა მელია და ოპოზიცია რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ, მაგრამ არჩევნები 2024 წელს არის და მოემზადონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ანუ, ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოლდოვის საარჩევნო რეფორმის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს

მსგავსი თემები