თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ხვალისთვის ჩანიშნული მთავრობის სხდომა გადაიდო. მამუკა ბახტაძე უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. “უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – აცხადებს იგი.

დღეს, 16 იანვარს, საღამოს საათებში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. დაშავდნენ სახლის მცხოვრებლები, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. კლინიკაში კიდევ 5 ბავშვია გადაყვანილი.   

მსგავსი თემები