შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დღეს გადაიყვანონ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ  ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, დიდი ალბათობით, დღეს მოხდება.

როგორც ხელხეულიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა,  ტრანსპორტირებაში მონაწილეობა მისმა დედამ, გიული ალასანიამ მიიღოს.

,,ჩვენმა ოპონენტებმა და მოსახლეობამ ისე აღიქვა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული, ეს ასე არ არის. ასეთ დროს არავითარ, ვაჭრობას და წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა,  რაზეც ის თანახმაა. ადმინისტრაციას და ექიმს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა, ელოდება გადაყვანას და ითხოვს დამხმარე, თავმდგომ ადამიანს, ის თვლის, რომ ქალბატონი გიული ალასანია უნდა გამოცხადდეს მისი ტრანსპორტირებისას“ – განმარტავს ხერხეულიძე.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, დღესვე უნდა მოხდეს კლინიკაში გადაყვანა.

„დღეს ორივე მხრიდან უკვე იყო მზაობა.  აუცილებელია, დროულად გადაწყდეს ეს საკითხი და სულ რამდენიმე საათში მოახერხონ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში, ვინაიდან მისი მდგომარეობა უმძიმესია. ველოდები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლად დღეს უნდა მოხდეს“ –  აღნიშნა ხერხეულიძემ.

 

მსგავსი თემები