ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები.

მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას. პორტუგალიელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილი ლისაბონში ვიზიტით მიიწვია.

მსგავსი თემები