,,ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეულ “კოორდინირებულ მოქმედებებს” ჰქონდეს ადგილი. მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს “საკუთარი თავი გადადო” და მატერიალური მიმართულებით მის “შანტაჟი” უსაფუძვლოა.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო. ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან აწყობდა ამ თემის აქტუალიზაცია, რადგანაც გუშინ მათი ყველა მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა.

ვფიქრობ, ვერსიას, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია ამ ვერსიას აქვს; მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი. ვინმეს თუ აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი და მცდელობა, გარანტირებულად შეგვიძლია, ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება; ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ პოლიტიკას. ამ ჩვენს მოსაზრებას, ჩვენს სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს; ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ ქვეყანაში ამ მიმართულებით არის სწორი, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ვერანაირი სხვა გზებით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები