აშშ უკრაინას 40 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

დოკუმენტი გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს , ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, აღნიშნულ ვითარებაში დრო უმთავრესია და იგი მოხარულია, რომ კანონპროექტის მიღება სწრაფად მოხერხდა.

,,როცა პუტინი უიმედოდ აჩქარებს თავისი საშინელებისა და სისასტიკის კამპანიას უკრაინაში, დრო უმთავრესია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს შევძელით ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება, რათა ის გადავიდეს სენატში და პრეზიდენტის მაგიდასთან, იმისთვის, რომ დახმარებამ მიაღწიოს უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობამდე,” – განაცხადა პელოსმა.

მსგავსი თემები