მიხეილ სააკაშვილი მზად არის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას მომდევნო დღეებში დათანხმდება.

„იუსტიციის მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, საუბარი არ არის მის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ საუბარია მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევასთან დაკავშირებით და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. თან შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც თქვა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან ისედაც უიშვიათესი დღეა მისი ციხეში ყოფნის პერიოდში, როდესაც ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევა. ამის გამო მოუწია ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა.

სააკაშვილმა უთხრა, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის. დღეს ვერ გადავიდოდა, შეხვედრა ჰქონდა ოჯახთან. რაც დავინახე, უჭირს გადაადგილება. ბადრაგის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. მუდმივად აქვს ტემპერატურა 37-ნახევრამდე, ეს არ არის ნორმალური პროცესი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები