“აღმშენებლობა და არა ნგრევა, თავისუფლება და არა მონობა” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა ქვეყნის ხსნისა და განვითარების ერთადერთი გამოსავალია. როგოც პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, კითხვა მშვიდობა თუ თავისუფლება ცალ-ცალკე არ არსებობს, რადგანაც, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა.

„დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად. აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა . ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინიციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ“ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის გზავნილი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნელოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის.

„მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით. დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები