„რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია“ – G7 განცხადებას ავრცელებს

,,დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც უკრაინაში ომს ეხება. როგორც G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ,  რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია. ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„77 წლის შემდეგ, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა უკრაინაში შეჭრა აირჩიეს. 2014 წლიდან, უკრაინაში შეჭრითა და შემდგომი ქმედებებით, რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია. განსაკუთრებით კი საუბარია გაერო-ს წესდებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, რომ  თაობები ომის უბედურებისგან დაეცვა“ – აღნიშნულია ერთობლივ გზავნილში.

ვირტუალურ სამიტს, რომლის  მასპინძელი გერმანიის კანცლერი იყო, თავად უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის უკრაინის მთელი ტერიტორიიდან გაყვანა უზრუნველყოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის დასახმარებლად მათ მზაობაში დაარწმუნეს. შვიდივე ქვეყანა პირობას იძლევა, რომ უკრაინას სამხედრო, თავდაცვით, ეკონომიკურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

,,ვგმობთ, რუსეთის გაუმართლებელ და უკანონო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რამაც ევროპის გულში საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქმედებები, რომელიც რუსეთმა  უკრაინას მიაყენა, შეძრწუნებულები ვართ… მივესალმებით ომის დანაშაულის გამოძიებასა და მტკიცებულებების შეგროვებას“ – აღნიშნავენ G7-ის ქვეყნის ლიდერები.

 

მსგავსი თემები