„შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები და დადგნენ ერთად რუსეთის წინააღმდეგ“ – ამერიკის ელჩი უკრაინა-საქართველოზე

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით და საერთო მტერს, რუსეთს ერთად ებრძოლონ. ელჩი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები.

„უკრაინასა და აქ, საქართველოში, გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში,  მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი“ – აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის შეფასებით, თუ თავდასხმები გაგრძელდა, ის საქართველოს ნაწილებად დაანგრევს.

„ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი თემები