,, ჩვენ ერთად აღვადგენთ თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობის ძალისხმევა ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული.

„ჩვენი სოლიდარობის ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება სამ საკვანძო სფეროზე – ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ლიკვიდობის მოკლევადიანი საჭიროებები და რეკონსტრუქცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა რეაგირება მოვახდინოთ უკრაინელი ხალხის ამჟამინდელ ტანჯვაზე როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ნომერ პირველი პრიორიტეტია ჰუმანიტარული ქმედებებისთვის თანხების  მობილიზება. უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვანი დაფინანსება, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოს მუშაობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო თვეში. ჩვენ შევაგროვეთ და გამოვყავით მიკროფინანსური დახმარება ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ამაზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა მყისიერი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას,”– აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის მოსახლეობა და ბრძოლის ველზე მყოფი სამხედროები გაამხნევა.

„მსურს, იმედისა და გამხნევების პირადი გზავნილი გადავცე ყველა უკრაინელს, ბრძოლის ველზე მყოფ სამხედროებს, ყველა უკრაინელს, რომელიც მხარს უჭერს ომის ძალისხმევას და მილიონობით ადამიანს, რომელიც ომს გაექცა სახლებიდან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქვეყნის, ეკონომიკის, სახლების, სკოლების, კომპანიების, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინის მომავლის აღდგენაში რეკოსნტრუქციის დაფინანსებითა და აუცილებელი რეფორმებით,”- განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები