შვედეთი უკრაინას 23 მილიონი დოლარის დახმარებას გადასცემს

დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გადასცემს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ეს არის მრავალი ჩვენებიდან მხოლოდ ერთ-ერთი. ეს არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გამოსცადოს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი, ფართომასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპა აღარ არის იგივე. მსგავსი მონაყოლი უკრაინიდან გვახსენებს ყველაზე საშინელ მომენტებს ევროპის ისტორიაში, სისასტიკეებს, რომლებიც გვეგონა, აღარავინ გამოსცდიდა. ბატონო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი უდიდესი აღტაცება უკრაინელი ხალხის სიმამაცისადმი და მე მთელი გულით ვარ ყველა უკრაინელთან, რომელიც იტანჯება ამ ომის გამო. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ დღეს აქ იმყოფებით და პრეზიდენტი ზელენსკი ვირტუალურად შემოგვიერთდება. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს კოლექტიურ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი. მოხარული ვარ, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია, განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

მსგავსი თემები