პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები