ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.

მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

შევედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას.

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

მსგავსი თემები