,,ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას”- დავით უსუფაშვილი

,,საქართველოში რა ვითარებაც არის შექმნილი ორპოლუსიანობა – არის არა  კონკურენცია, არამედ მტრობა, მობილიზებულ-მოტივირებული ლიდერები იმისთვის, რომ როგორმე, ერთმანეთი გაანადგურონ, მოსპონ, ამოძირკვონ, გააქრონ და ა.შ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ,” – ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა გიგი უგულავას განცხადება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი უკიდურესად საფრთხილოა.

„ყველა ეპოქასა და ვითარებაში პოლიტიკოსების საქმე არის მსგავსი ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას და იმას ვხედავთ, რასაც ნებისმიერი მოქალაქე ჩაიდენდა. მაშინ, ეს ქვეყანა შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ მართოს და ყველანი სახლში წავიდეთ. ეს არის ერთმანეთზე აყოლა. თქვენ ერთი გვარი ახსენეთ, გუშინ მეორე სახელის და გვარის კაცი ლაპარაკობდა ხაჭოზე, არაჟანზე და სრულიად მიუღებელ ამბებზე. ეს პოლიტიკა აღარ არის. აღარ ვიცი, ამ ხალხს როგორ გავაგებინო, ჩვენს მცირეწლოვან შვილებზე ვიფიქროთ, რა მაგალითს ვაძლევთ, რა სწორია და რა არასწორი – მამიკო, ასე უნდა მოიქცე, რომ გაიზრდები. ერთმა და მეორე გვარმა ამაზე იფიქრონ და იქნებ, რაიმე გამოვიდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ,  გიგი უგულავას განცხადებით,  სააკაშვილი  ციხეში  რომ გარდაიცვალოს , თავად იძიებს შურს.

მსგავსი თემები