ჩიჩილაკები და ნაძვები არ გადაყაროთ, ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში ჩააბარეთ

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ნაგვის კონტეინერებში გადაყრილი ნაძვის ტოტები და ჩიჩილაკები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ადგილი გამოიყო. მოსახლეობას შეუძლია გამოყენებული ნაძვები და ჩიჩილაკები ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში მიიტანონ და ჩააბარონ. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სდომაზე განაცხადა, ჩაბარებული მასალა სპეციალურად დამუშავდება და მას, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებენ. კერძოდ, “ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ჩაბარებულ ხის მასალას სპეციალური აპარატით – მულჩერით დააქუცმაცებენ. დამუშავებული მასალა გამოიყენება, როგორც დეკორატიული მიზნებისთვის, ასევე, მიწის გასანოყიერებლად.

„ჩემი, თქვენი და ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია კამპანიის -„გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, იწყებს აქციას – ჩააბარეთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები ვაკის, კიკვიძისა და რიყის პარკებში, ასევე, ვერის ბაღში, სადაც შეიქმნა სპეციალური სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების პროცესი 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი თემები