მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე,“- აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ
წარმატება უსურვა. მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო პანდემიის
პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა  მნიშვნელოვანი პროექტი.

,, „COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნება. პანდემიამ ჩვენც, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, გვიბიძგა განათლების სისტემაში ძალიან სწრაფად დაგვენერგა ინოვაციური მიდგომები, გამოგვეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიები.

კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატზე გადასვლა. ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში მოვამზადეთ მრავალფეროვანი სასწავლო ონლაინრესურსები. აღსანიშნავია, პირველ არხთან თანამშრომლობით დაწყებული უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელსაც დისტანციურ სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან მინისტრმა, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის ხარისხის შენარჩუნებისთვის, მასწავლებლების მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

,,ბუნებრივია, პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტად მიღების პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს, რომლებიც ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან. სწორედ მათი, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ,“- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, მიხეილ ჩხენკელმა მიმართვის დროს ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

„კრიზისმა ასევე თვალნათლივ დაგვანახა გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობა
და მნიშვნელობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს – USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მხრიდან ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაეხმარა სისტემას, დაეძლია პანდემიით გამოწვეული პრობლემები,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მსგავსი თემები