პარტიები „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა სჭირდებათ. დეპუტატმა გიორგი გახარიას პარტიას მოუწოდა ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი და მონაწილეობა მიიღონ კომისიის შექმნაში.

„გიორგი გახარიას პარტიას თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს, რა სჭირს, რომ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი? – ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი? მათ ვეუბნებით, მონაწილეობა სიმართლის დადგენის პროცესში მიიღონ. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია და ფორმალურად გვეუბნებიან, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ. კეთილი ინებონ და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა რომან გოცირიძის მოწოდებას უპასუხა და განცხადა, რომ გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არაერთი არგუმენტის გამო. თუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის ყოველი დღე არის ისეთი დამძიმებული, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია, მაშინ მისსავე ლოგიკას ეწინააღმდეგება, როდესაც ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან საგამოძიებო კომისიის მუშაობა ითვალისწინებს თვეობით მუშაობას. მაშინ გამოდის, რომ საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებიან,”- აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, არც პარტია „მოქალაქეები“  უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მსგავსი თემები