,, სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულების გამო აქვს გამოტანილი განაჩენი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როგორც ნებისმიერ მსჯავრდებულს, სააკაშვილსაც სათანადო სამედიცინო სერვისი გაეწიოს.

„რასაც ჩვენ ვუყურეთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის კვლავ პოლიტიზება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. პირველი, სააკაშვილის ოჯახის თუ მისი გულშემატკივრის სურვილი იქნება, რომ გათავისუფლდეს ან გავიდეს ქვეყნიდან, აერიდოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ, კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოდის განაჩენი, სასჯელი უნდა იქნას მოხდილი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი.

მეორე საკითხია მიხეილ სააკშვილის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი. რა თქმა უნდა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ პატიმარზე, სააკაშვილს გაეწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, რათა ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რაც მოვისმინეთ, ყველაფერს რომ ჩამოვაცილოთ ის ბურუსი, რომელითაც ხანდახან ცდილობენ, შეფუთონ მდგომარეობა, არის შემდეგი. როგორც პენიტენციური სამსახური, ისე რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ, რომ მართალია, არსებობს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ სააკაშვილს მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე თუ გარკვეულ მკურნალობაზე. გუშინ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტებები, რომ ის არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, შეთავაზებულ სერვისებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს მიხეილ სააკშვილს, ახლა დაკავებული უნდა იყოს არა იმით, აგულიანებდეს სააკაშვილს, რათა ამ სერვისების მიღებაზე კვლავ უარს ამბობდეს, არამედ პირიქით, უნდა ცდილობდეს, დაითანხმოს ის, შესაბამისი სერვისები მიიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვისაც გული შესტკივა სააკაშვილზე, უნდა დაითანხმოს, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა შეწყვიტოს.

„ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თუ სხვა გულშემატკივრების მხრიდან განმარტებები იყო, რომ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით, მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები