სასამართლომ  ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფო“-ში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.

ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით   (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი  დახმარება)დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად  10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მსგავსი თემები