საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილები შედის

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  იმსჯელა.

კანონპროექტი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადებას და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განმარტებით, ცვლილების შემუშავების მიზეზი პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა იყო. მისივე განმარტებით, პროექტის მიღება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს..

როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროების   და განთავსების მსგავსი საშუალებები თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსის თანახმად,  2022 წელს არის გათვალისწინებული.

მისივე განცხადებით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც.  აღნიშნული  ცვლილება გავრცელდება ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურების, ასევე,  მათთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის  გამოყენებულ ქონებაზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ საწარმო ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან მიმდინარე გადასახდელის სახით და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. რადგან  2022 წლის 1 აპრილიდან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც მათ  შესაბამისი საურავები ერიცხებათ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები