“მინდა გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს” – იაგო ხვიჩია ევროკავშირის კითხვარის გაცნობას ითხოვს

,,ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა მისი შინაარსი არ ვიცით – ეს იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება,”- ამ სიტყვებით  მიმართა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები მოქალაქეებსაც აინტერესებთ.

„თუ არ ვცდები საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ კითხვარზე პასუხები არ იქნება საჯარო. ჩვენ თითქმის ყველა კომიტეტში გვყავს წარმომადგენელი, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ანუ ყველგან ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ვიცით, რომ პარლამენტმა შეავსო ასევე ეს კითხვარი. რა ფორმატში შეგვეძლო და ვერ შევძელით მონაწილეობის მიღება? როგორ შეიძლება, ოპოზიცია ვართ, ხალხმა აქ მოგვახვედრა, ბიუროზე ვზივარ, თქვენ გეკითხებით და არ მაქვს საშუალება გავეცნო პასუხებს, რომლითაც საქართველომ რაღაც ვალდებულება აიღო, მათ შორის, ჩემი ამომრჩევლების სახელითაც. ჩემს ამომრჩევლებსაც აინტერესებს და მინდა, რომ რაღაცნაირად გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს, ავხსნა, გავაკრიტიკო, ან შეგაქოთ, ან რაღაც პოზიცია გამოვხატო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ იმდენად საჯარო ინტერესის ამბავია, იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები