,,ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ფესვგადგმული ანტისემიტიზმი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა ებრაელებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ზოგადად, ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება.

იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.

„ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები