საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ  ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური  შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს).

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.  ანდრიი კასიანოვმა  მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის.

მსგავსი თემები