სერგეი ლავროვი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ამას დასავლეთის წამქეზებლური ქმედებები უშლის ხელს, – ამის შესახებ Xinhua-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა.

ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებები ყოველდღიურად ვიდეოფორმატში მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმების მიღწევა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა კიევში იხელმძღვანელებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებით, და არა უცხოელი მრჩეველების ინტერესებით. უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაძაბულობის დეესკალაციაში როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გარანტი ქვეყნების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი იქნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვი აღნიშნავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა და უკრაინისგან მუდმივ ნეიტრალიტეტს ითხოვს.

„ დოკუმენტმა უნდა დააფიქსიროს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, არაბირთვული, უბლოკო და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები,“- განაცხადა ლავროვმა.

 

 

მსგავსი თემები