ენერგოეფექტურობის შესახებ „EU4Energy“ და „EUNeighbours East“-ის ერთობლივი კამპანია იწყება

EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე მომზადებული კომიქსების წიგნი მომზადდა. წიგნის სახელწოდებაა „ნათურა“ და განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. კომიქსების წიგნის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის ხერხების მნიშვნელობა და გააცნობიეროს ენერგიის დანაკარგების უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე.

კომიქსების წიგნი საჩუქრად გადაეცა ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ ესაუბრა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად გაჩეჩილაძე.

EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რომლის მთავარი თემაა ენერგოეფექტურობა, 2022 წლის 28 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება და ბავშვებს გააცნობს ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილი კომიქსების წიგნის  ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს,  ზაზუნა ოზის.

კომიქსების წიგნში ასახულია მარტივი ნაბიჯები და რჩევები ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის. გამოუყენებელი მოწყობილობების გამორთვა, ტანსაცმლის გაშრობა ბუნებრივად და არა საშრობ დანადგარში, გათბობის ტემპერატურის შემცირება და სხვა – თავშესაქცევად არის გადმოცემული კომიქსების წიგნში  და ბავშვებს ენერგიის დაზოგვის ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

„ნათურა“ მოგვითხრობს ოთხი მეგობრის ამბავს, რომლებიც ძველ ჯიხურს პოულობენ ტყეში, სადაც ცხოველები ნებაყოფლობით ეხმარებიან პროფესორ სლეითს ენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდების მოძიებაში. ამით ისინი გარემოს საშინელი ზიანის მიყენებისგან იცავენ და დედამიწას კურნავენ. პროფესორი სლეითი ბავშვებს უჩვენებს იმ საშინელებებს, რაც შეიძლება პლანეტას და მის მოსახლეობას დაატყდეს თავს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ენერგიის ეფექტურად გამოყენებას არ დაიწყებენ. ბავშვები, რომლებიც გააერთიანა პლანეტის გადარჩენის იდეამ – რაც ენერგიის დანაკარგების თავიდან აცილებას და მათი პატარა ქალაქის მოსახლეობაში ენერგიის დაზოგვის ჩვევების სტიმულირებას გულისხმობს – თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად ერთი ქალაქის ცხოვრების გარდაქმნას ახერხებენ.

კომიქსების წიგნში ილუსტრირებული ენერგიის დაზოგვის რჩევების უკეთ გააზრებისა და განმტკიცების მიზნით, პროგრამა EU Neighbours East  იწყებს სოციალურ მედია-კამპანიას ზაზუნა ოზის მონაწილეობით. სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი კამპანიის ამოცანაა ამ კამპანიაში ბავშვების აქტიური მონაწილეობა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმების და სასკოლო ღონისძიებების საშუალებით                                                                                                      კომიქსების წიგნი შეიქმნა პროგრამის EU4Energy II ფაზის ფარგლებში „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მყარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნას ენერგეტიკისთვის, მხარი დაუჭიროს რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და მისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას. ეს პროგრამა, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე გრძელდება, გადაჭრის ახალ გამოწვევებს და გამოიყენებს ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპობრივი დანერგვა ბაზრის ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა სეგმენტში, და იმავდროულად ხელს შეუწყობს ხარჯების ასახვას ტარიფებში.

ინიციატივა EU4Energy დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტია 8.5 მლნ ევრო; ინიციატივას ერთობლივად ახორციელებენ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო (EnCS).

ჩამოტვირთეთ წიგნი: https://www.ceer.eu/documents/104400/7506071/Light+Bulb+-+EU4Energy+-+Georgian.pdf/680e35fd-00c4-f347-d4ef-f9bba3bb961f

 

 

მსგავსი თემები