კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება კვლავ გრძელდება მარიუპოლში და  დონბასის რეგიონში. პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების უმეტესობა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

„მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ბრუნდება, იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში – გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული,”- აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში ხუთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა რაკეტამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულები გაანადგურა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა თავდასხმა რაკეტების გამოყენებით განახორციელა.

მსგავსი თემები