აშშ-მ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“  ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს და ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას . ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს.

 

მსგავსი თემები