,,მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ უზდენოვს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი რუს ბიზნესმენს არ შეხვედრია და ამ ამბის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

„მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები