,,უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ იარაღი”- ჰერმან საბო

„სიტყვები და განცხადებები არაფერს ნიშნავს და ამით არ უნდა წყდებოდეს, ვინ არის რუსეთუმე,  უნდა წყდებოდეს ქმედებებით – ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ერთი საქართველოს მოქალაქის სურვილს, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს სურვილი იბრძოლოს, ჰქონდეს რესურსები –  სინამდვილეში აკეთებს რუსეთის საქმეს“,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, არის ფაქტორები, რომლებზეც შესაძლოა, კონტროლი არ გვქონდეს და არის ფაქტორები, რომლის შეცვლაც შესაძლებელია.

„როდის მოუნდება რუსეთს, დაიპყროს მეზობელი, დაბომბოს მისი ქალაქები, მოკლას ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა – ჩვენს გარშემო მომხდარი ცვლილებების ამ ფაქტორზე გავლენა ვერ გვექნება. მარტო პუტინის თავში რაც არის, იმას აქვს ამ ფაქტორებზე გავლენა. თუმცა, არის რაღაც ფაქტორები, რაზეც გვაქვს გავლენა და რაც შეგვიძლია, შევცვალოთ, თან, შეგვიძლია, ისე შევცვალოთ, რომ იმ ფაქტორებს, რაზეც არ გვაქვს გავლენა, უფრო მომზადებულები დავხვდეთ, უფრო ნაკლები შანსი იყოს, რომ ჩვენს მიმართ ასეთი აგრესიის შემთხვევები მოხდეს“,- აღნიშნა ჰერმან საბომ.

მისივე განცხადებით, კარგი მაგალითია უკრაინა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ომს ორი რამ იგებს – ადამიანების სურვილი და შესაძლებლობა.

„ჩვენც შეგვიძლია, ავიღოთ ის რაღაცეები, რაც საფრთხეს არიდებს ადამიანს, რაც მას უკეთ მომზადებულს ხდის ომისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით გავატაროთ. მაგალითად, იარაღის ფაქტორი. იმისთვის, რომ მეტად მომზადებულები შევხვდეთ ჩვენთვის უკონტროლო ამბებს, უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ იარაღი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიძინონ, იქონიონ იარაღი, ატარონ სასროლეთში, მოემზადონ. ასევე, ადამიანს ბრძოლის სურვილს უღვივებს ისიც, აქვს არა მას საკუთრება ამ ქვეყანაში. როგორც წესი, ადამიანები უფრო იმისთვის იბრძვიან, რაც მათთვის ძვირფასია – მათი ოჯახი, მათი საკუთრება. იმისთვის, რომ უფრო მომზადებული ვიყოთ, ხელს უნდა ვუწყობდეთ ისეთ ცვლილებებს საზოგადოებაში, რომელიც ჩვენს შორის მეტ ეკონომიკას, მეტ რესურსს შექმნის. ამის სანაცვლოდ,  კვირიდან კვირამდე ვიღებთ კანონებს, რომელიც მეტ პატარ-პატარა რეგულაციებს ამატებს საქართველოს ეკონომიკას და უფრო გვასუსტებს. სიტყვები და განცხადებები არაფერს ნიშნავს და ამით არ უნდა წყდებოდეს, ვინ არის რუსეთუმე. უნდა წყდებოდეს ქმედებებით. ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ერთი საქართველოს მოქალაქის სურვილს, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს სურვილი იბრძოლოს, ჰქონდეს რესურსები –  სინამდვილეში აკეთებს რუსეთის საქმეს და არა ის, ვინ რა განცხადებას გააკეთებს“,- განაცხადა ჰერმან საბომ.

მსგავსი თემები