„სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინაში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინაში ჩასვლა შეაჯამა.  როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა,  რუსეთი ცდილობდა, საკუთარი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე დაემტკიცებინა.

„რუსეთი ცდილობდა, უკრაინისთვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წაერთმია, თუმცა, ეს ჩაიშალა. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომის დანარჩენი ეტაპი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი“ – განაცხადა სახელმწიფო  მდივანმა ჟურნალისატებთან.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს მიატოვებს თავისუფლებისთვის და საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის მებრძოლ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში იმყოფებოდნენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი ვიზიტი საიდუმლო იყო.

მსგავსი თემები