ემანუელ მაკრონი მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩიეს

„მე ყველას პრეზიდენტი ვიქნები“ – აცხადებს მეორე ვადით არჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი. ის ამომრჩევლებს მადლობას უხდის და საფრანგეთის გაძლიერების პირობას დებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რომ  განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის“ – ასე მიმართა მაკრონმა ამომრჩევლებს.

მისივე განცხადებით, მიღებული ხმები მას უდიდეს ვალდებულებას აკისრებს, რაც შესრულდება კიდეც.

„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს. თქვენი იმედები გამართლდება,“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა არჩევნების მეორე ტურში 58.55%-ით გაიმარჯვა. კონკურენტმა “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენმა კი ხმების 41.45% მიიღო.

 

მსგავსი თემები