„ილოცეთ მუდამ, რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს“ – პატრიარქი

„მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ  (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას“ – ბრძანებს საქართველოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში და მრევლს მარტივი ლოცვის – „უფალო, შეგვიწყალენ“ წარმოთქმისკენ მოუწოდებს.

„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი“. იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.

ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც  ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე.

ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი  მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, … ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში.”

სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“

მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ  (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.

ეს არის  „უფალო, შეგვიწყალენ.“

თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში  ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.

ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ – „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

„სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს“ – სააღდგომო ეპისტოლე

მსგავსი თემები