“ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს” – პატრიარქის ეპისტოლე

„ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა  უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით  გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან“ – ბარძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არაერთ საკითხს ეხება. მათ შორის, გამეფებულ ბოროტებას, რომელც დასაძლევია.

„მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ  განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ  შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას  ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.

ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.

ამ ომში გამარჯვება  წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და  ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.

სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას“ – ბრძანებს პატრიარქი.

მსგავსი თემები