მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელოდებიან-NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.

კვლევის თანახმად, უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 16 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23%-დან 39%-მდე გაიზარდა).

„მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის. ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ’’– აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

მსგავსი თემები